მე-11-ე საუკუნის დასაწყისში სვეტიცხოვლის გორგასლისდროინდელი ტაძარი დაზიანებული იყო. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკის ძემ ტაძრის ახალი პროექტი შექმნა. ჯერი აშენებაზე მიდგა.
სვეტიცხოვლის სამშენებლო ხარჯები მთლიანად თავის თავზე აიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი მეორემ და მისმა ძმამ კონსტანტინემ. მათ სვეტიცხოველს კესტორიის მონასტერი და 105 სოფელი შესწირეს.
ამ ფაქტმა მრავალ ქართველს ელინოფილური “გრძნობები” გაუღვივა.
ბიზანტიის ერთმორწმუნე იმპერატორები თან სვეტიცხოვლის მშენებლობას აფინანსებდნენ და თან ქართულ მიწებსაც ისაკუთრებდნენ. მიიტაცეს სპერი, ბასიანი, იმიერ ტაო, თვალი ეჭირათ ამირ ტაოზეც და სრულიად საქართველოზეც…
1027 წელს ჭაბუკი მეფე გიორგი პირველი გარდაიცვალა და ტახტზე მის ცხრა წლის ვაჟი ბაგრატ მეოთხე ავიდა. ამ დროს ბიზანტიის ტახტზე იჯდა კონსტანტინე, რომელიც სვეტიცხოვლის “შენებასა” და ქართული სახელმწიფოს ნგრევას თანაბარი ძალისხმევით აგრძელებდა.
საქართველოს ჩვილ მეფეს განუდგა და იმპერატორს ეახლა ბანელი ეპისკოპოსი იოანე, საბერძნეთის გზას გაუდგა ტაო-კლარჯეთის აზნაურთა დიდი ნაწილი. ისინი იმპერატორის ქვეშევრდომობას ანუ ბიზანტიის მოქალაქეობას ითხოვდნენ.
ეს საქართველოს სრული დაპყრობის ლეგიტიმურ საბაბად მიიჩნია იმპერატორმა კონსტანტინემ და პარკიმანოზ პრუედრიოსის სარდლობით საქართველოში უძლიერესი არმია გამოგზავნა. ტაოს, კლარჯეთის, ჯავახეთის, კოლას, არტაანის, თრიალეთის აზნაურების დიდი ნაწილი ერთმორწმუნე და სვეტიცხოვლის დამაფინანსებელი “დიდი მეზობლის” მხარეს გადავიდა.
ამ დროს ხმალი აიღო ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ, მას შეუერთდა ეზრა ანჩელი. საბამ და ეზრამ მამულიშვილ აზნაურთა მცირე ჯგუფთან ერთად ტბეთის ტაძართან მცირე სიმაგრე ციხე აღმართეს, რომელსაც სუეტი უწოდეს, იქ გამაგრდნენ და ომი გამოუცხადეს ბიზანტიის იმპერიას.
პრუედრიოსმა იოვანე ხარტულარის შენაერთი გაგზავნა ტბეთის ასაღებად. ტბეთის სვეტი არ დაეცა. მაშინ ბიზანტიელებმა დემეტრე გურგენის ძე ბაგრატიონი (კონსტანტინოპოლში გადახვეწილი კლარჯი უფლისწული) გამოაცხადეს საქართველოს ტახტის კანონიერ პრეტენდენტად და ტბეთისკენ წარგზავნეს. დიდძალი საფასურიც შესთავაზეს საბა მტბევარის რაზმელებს, თან სვეტიცხოვლის შენებაც არ შეუწყვეტიათ!
ვერც მტრის მრავალრიცხოვნებამ, ვერც დემეტრე ბაგრატიონის ფსევდოლეგიტიმურობამ, ვერც ქრთამმა და ბიზანტიელთა ერთმორწმუნეობამ ვერ გასტეხა საბა მტბევარი. ის ხმლით ხელში ებრძოდა მტერს და სიტყვით აფხიზლებდა ქართველებს:
,,მტერი, რომელიც ერთმორწმუნეობით, ქველმოქმედებითა და ლეგიტიმურობით ვაჭრობს, გაცილებით ბილწია, ვიდრე ურჯულო მტარვალი!” – ეს იყო საბა მტბევარის კრედო.
ტბეთის სვეტი ვერ აიღო ბიზანტიის ლაშქარმა. იმპერატორი კონსტანტინე სასიკვდილო სენმა შეიპყრო, არმია უკან გაიწვია, საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა!
მას მერე დაწესდა, რომ ტბეთის ეპისკოპოსი ხმალშემორტყმული უნდა ყოფილიყო საეკლესიო რიტუალთა შესრულებისასაც, საეკლესიო კრებაზეც და სამეფო დარბაზობაზეც. ასეთი პატივი თვით ჭყონდიდელებსა და გვიანი საუკუნეების კახეთის სარდალ მთავარეპისკოპოსებსაც კი არ ღირსებიათ.
მიზეზი მარტივია: ჭყონდიდელიც და კახელი მღვდელმთავრები ურწმუნოებს ებრძოდნენ, ხოლო საბა მტბევარი სვეტიცხოვლის აშენებითა და ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მაცდურს შეერკინა.
მტბევარის ხმალს მარად უნდა შეეხსენებინა ქართველთათვის, რომ მტერთა შორის ყველაზე საშიში, გამრყვნელი და ბილწი, ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მტერია!”
სიმონ მასხარაშვილი,
ისტორიკოსი
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები