საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 19 აპრილს თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით – „დანახვის ხელოვნება – ასტრონომიის მდგომარეობები“.
საქართველოს ეროვნული პავილიონი ევროპელი სპეციალისტების შეფასებით შვიდ აუცილებლად სანახავ საუკეთესო პავილიონს შორისაა. ამგვარი მაღალი შეფასება პირველია საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის 20-წლიან ისტორიაში. პროექტის წარმდგენია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „არტვილა გარიყულა“, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი ვენეციის ბიენალეზე – ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული.
გამოფენის კონცეფცია 2024 წლის ვენეციის ბიენალეს – „გლობალურ მოდერნიზმს“ ეხმიანება, რომელიც გლობალური სამხრეთიდან დაძრულ მოდერნისტულ ტალღას ასახავს. პროექტის კონცეფცია ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის (1894-1975) მემკვიდრეობას უკავშირდება და მისი საარქივო მასალის ახალ გარემოში წარდგენას ისახავს მიზნად.
პროექტით ილია ზდანევიჩის არქივიდან შეირჩა კონკრეტული ნამუშევარი – „მაქსიმილიანა“, რომელიც გერმანელ ხელოვანთან, მაქს ერნსტთან (1891-1976), მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგად შექმნილი არტისტული წიგნია. „მაქსიმილიანა“ 1964 წელს ილია ზდანევიჩის რედაქტორობით გამოიცა და ეძღვნება გერმანელი ასტრონომის, ვილჰელმ ტემპელის (1821-1889), კვლევასა და ცხოვრებას, რომელიც ლითოგრაფიის ხელოვნებითა და ასტრონომიით იყო გატაცებული.
ასევე საგულისხმოა, რომ უკვე მესამე წელია, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ეროვნულ პავილიონში ეწყობა ხელოვნების რეზიდენცია ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის.
წელს 14 ახალგაზრდა თანამშრომელი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან შვიდი თვის განმავლობაში იმუშავებს საქართველოს ეროვნულ პავილიონში და მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს.
კულტურის სამინისტრო პროექტის მთავარი მხარდამჭერია. პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე თბილისის მერია, რუსთავის მერია, კომპანია „მაგთი“, „სილკ როუდ ჯგუფი“ და ევროპელი სპონსორები.
გამოფენის ნახვა 2024 წლის 24 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები