კავკასიონის მთებში მიკარგული თუშეთი ჩვენი ქვეყნის ერთერთი უდიდესი სიმდიდრეა. იდუმალებით მოცული ეს მხარე საქართველოს ყველა სხვა კუთხისაგან განსხვავებულია და მისი მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა აჯადოვებს აქ ჩამოსულ ადამიანებს.
თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.
გაშლილი მთები და იალაღები ფრინველების საუკეთესო საარსებო გარემოა. აქ ხშირად შენიშნავთ ქორს, მიმინოს, ბატკანძერას, არწივს და სხვადასხვა სახეობის მტაცებელ თუ მგალობელ ფრინველებს.
თუშების კულტურა განსაკუთრებულია. მათ მთავარ საქმიანობას ოდითგანვე წარმოადგენდა მთა-ბარული მეცხვარეობა და დღესაც აქტიურად მისდევენ მას. თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარე ნაგაზი, თუშური ყველი, თუშური ფარდაგი, თუშური თექა, თუშური ქუდი და სხვა ქმნიან თუშეთის ერთიან კულტურულ-ესთეტიკურ სივრცეს. ცხვრის მატყლის დამუშავებასა და ქსოვას დიდი ადგილი უჭირავს თუში ქალის ცხოვრებაში. მწყემსების მიერ თაობიდან თაობაში გადაეცემა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის, იგივე გუდის ყველის, დამზადების ტექნოლოგია. ადგილობრივ დღესასწაულებზე ხშირად იმართება შეჯიბრებები მშვილდოსნობასა და ცხენოსნობაში, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღონ.
აღსანიშნავია ფიჭვის ყვავილობა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით თუშეთისთვის უდიდესი პოტენციალია. ფიჭვის ყვავილობა მაისის ბოლო რიცხვებიდან იწყება და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დასვენებასთან ერთად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.