გურჯაანის ყველაწმინდა – გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VIII საუკუნის ძეგლია და ქალაქ გურჯაანთან 2-3 კმ-ში, კახთუბანში მდებარეობს.
გურჯაანის ყველაწმინდა გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ქართული არქიტექტურისთვის ეგზომ უჩვეული ფორმის ტაძარი VIII საუკუნეში აშენდა. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკაა საქართველოში. სამშენებლო მასალად რიყის ქვა და აგურია გამოყენებული. დეკორატიული ნაწილები კი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიის გეგმა რთული აგებულებისაა, ცალკეულ ნაწილებში იგი ორსართულიანია.
ტაძრის შიდა სივრცე სწორკუთხა ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა დაყოფილი. გუმბათები თავისი მოხაზულობით ძალზე თავისებურია. გუმბათები შიგნიდან და გარედან რვაწახნაგა შეკრული კამარითაა დაგვირგვინებული. გუმბათის ყელის საყრდენად კი აგურის ჰორიზონტალური რიგების წყობის შედეგად მიღებული ტრომპებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ამ გუმბათებს განათების ფუნქცია არ ჰქონდა. მათში გაჭრილი ერთადერთი სარკმელი სამხრეთითაა.
შიდა სივრცე ამაღლებულია, რასაც ხელს უწყობს დასავლეთით სამ იარუსად წარმოდგენილი თაღნარი. ამათგან ქვედა ერთია და განიერი, ზედა ორი კი წყვილია და ერთმანეთის ზემოთაა განლაგებული. თაღნარის მწკრივს ასრულებს შედარებით მცირე ზომის ერთი თაღი.
რაც შეეხება საკურთხევლის აფსიდს, იგი ოდნავ შემაღლებულია. მის ჩრდილოეთით სამკვეთლო, სამხრეთით კი სადიაკვნეა განთავსებული. მათი შესასვლელი კარები იმავე ნავებშია გაჭრილი.
ნიშანდობლივია, რომ ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი ნავების ზემოთ მეორე სართულია. ისინი მთავარ ნავში დასავლეთით მდებარე თაღოვანი იარუსით იხსნება. ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით ყრუ კედლებითაა გამიჯნული. ორივე ნავის აღმოსავლეთით მცირე ეგვტერებია მოწყობილი.
გურჯანიის ყველაწმინდის ტაძარს დასავლეთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, სწორკუთხა სათავსი – ნარტექსი ეკვრის, სწორედ მასში გაჭრილი კარიდანაა შესაძლებელი მეორე სართულზე მოხვედრა.
გურჯაანის ყველაწმინდის ტაძრის მორთულობა მწირია. სარკმლები შირიმის ქვებითაა მოპირკეთებული. მთავარი დეკორატიული მორთულობა აღმოსავლეთ ფასადს ამკობს. იგი დამუშავებულია თაღოვანი ბრტყელი ნიშებით, რომელიც წინაპერიოდის ძეგლებისგან განსხვავებით, სრულებით ახალ პრინციპს ექვემდებარება. მისი თაღების სიმაღლე ბაზილიკური პროფილის შესაბამისია. შუა თაღში გაჭრილ სარკმელს სწორკუთხა საპირე გარშემოწერს, რომლის თავზე უზარმაზარი ჯვარია აღმართული. ამგვარი დეკორატიული მორთულობით გურჯაანის ყველაწმინდა ერთგვარი წინამორბედია მომდევნო პერიოდის ძეგლთა მკული სახისა.
გურჯაანის ყველაწმინდის ოსტატი თავისი დროის ნოვატორია, რომელიც არ უშინდება მხატვრული ამოცანის სირთულეს. იგი ერთმანეთს კარგად უთავსებს ტრადიციულ ქართულ ხუროთმოძღვრებას და სიახლეებითაც ამდიდრებს მას. თუმცა ე. წ „ორგუმბათიანი სისტემა“ ჩვენში არ განვითარდა. მიუხედავად ამისა, გურჯაანის ყველაწმინდა ვაჩნაძიანის ყველაწმინდასთან ერთად შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთგვარი გამონაკლისია და ამასთან, თავისი დროის ნოვატორად გვევლინება. ამჟამად აღნიშნული ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს მამათა მონასტერი და ღვთისმსახურება აღევლინება.
მასალის გამოყენების პირობები