თბილისის მერია 7.5 კილომეტრიანი თრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბის” მიმართულებით. პროექტის მიხედვით, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივანზე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. პროექტის ხარჯები ცნობილი გახეება ფასების გამოკვლევის შემდეგ.
პროექტი განხორციელდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და უშუალოდ მშენებლობას. ტრამვაის ახალი ხაზი გააერთიანებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების პროცესს. ტრამვაის თითოეულ შემადგენლობას მინიმუმ 300 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება.
პროექტის კომპონენტები:
- საპროექტო სამუშაოები — მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
- ინფრასტრუქტურა — ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
- ტრამვაის მართვის სისტემა — მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების ინტეგრაციას.
- მგზავრთა კომფორტი — გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA) და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
- OCC (Operations Control Center) — ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების და საინფორმაციო სისტემების მართვას.
პროექტის ვადები:
- კონცეპტუალური პროექტი: 6 თვე
- დეტალური პროექტირება: 12 თვე
- მშენებლობა: 36 თვე
პროექტის საერთო ვადა შეადგენს 4.5 წელს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50,000,000 აშშ დოლარის ბრუნვა. შემსყიდველი ავანსის სახით გადაუხდის სახელშეკრულებო ღირებულების 20%-მდე, ხოლო 2025 წელს აღნიშნული თანხიდან 20,000,000 აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი.
ბაზრის მოკვლევა დასრულდება 2025 წლის 23 აპრილს.
ახალი ტრამვაის ხაზის საპროექტო მარშრუტი: