რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა. იგი მდიდარია კულტურის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით.
რაჭა ასოცირდება გასაოცარ ბუნებასთან, უნიკალურ კულტურასთან და კიდევ უფრო შთამბეჭდავ სტუმართმოყვარეობასთან. ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ფერადია. სწორედ რაჭის სილამაზე და ორიგინალურობა იზიდავს ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ მოგზაურს, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.
რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კავკასიონის ქედი რიონისა და ჭანჭახის სთავეებთან, ჩრდილო-დასავლეთიდან ქვემო სვანეთისგან გამოყოფს მდინარე ასკისწყალი და თავშავის ქედი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით შიდა ქართლისგან გამოყოფილია ჯეჯორის ხეობით უღვირის ქედამდე, დასავლეთით – ლეჩხუმი.
ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ზემო და ქვემო რაჭას შორის საზღვარი გადის მდინარე რიონზე ხიდისკარის ვიწროებში სოფელ წესის მახლობლად. ამჟამად რაჭის ტერიტორია შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.