„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
„ძირითადად ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, – მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.
რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში – გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები