პეტრას ციხე – ისტორიული ციხე-ქალაქი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.
სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები მორიგი არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
აღმოჩენილია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა). აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფელ ციხისძირში მდებარე ისტორიულ ციხე-ქალაქში სხვა უნიკალური მასალებიც იქნა აღმოჩენილი. როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.
ციხის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ტურისტული სივრცეები აშენდა.
აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.