ტუბერკულოზის მონაცემთა ანგარიშგების, ანალიზის და მონაცემთა გამოყენების საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამების წარმომადგენლები, USAID ვაშინგტონისა და მონაწილე ქვეყნების მისიების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო და ევროპის რეგიონული ოფისის, გლობალური ფონდის და Stop TB Partnership’ის წევრები ესწრებოდნენ, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გასული წლის დასაწყისში საქართველო დასახელდა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტუბერკულოზის მონიტორინგის, შეფასების და ეპიდზედამხედველობის მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა მოწინავე პრაქტიკის ცენტრის (Center of Excellence COE) დაფუძნება, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ერთად, დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით და TB DIAH-ის მხარდაჭერით უძღვება.
მოწინავე პრაქტიკის ცენტრის მოდელის გამოყენების მიზანია დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს ტუბერკულოზის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზის, ანგარიშგების, კომუნიკაციისა და გაზიარების პრაქტიკის გაუმჯობესებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.