ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს. ფიტარეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლია, გამორჩეულია მხატვრული ღირებულებით, აგების ეპოქით. ეპოქა, რომელშიც აიგო ფიტარეთი ქართულ არქიტექტურაში და კულტურაში აღორძინების პიკს წარმოადგენს. ამ ეპოქის შემდეგ, ისტორიული ძნელბედობის შედეგად, ქართული არქიტექტურა დაღმავლობის გზას დაადგა. ფიტარეთის მონასტერი არის ის ძეგლი, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არავის, იგი ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ერთხელ მაინც ნანახი.
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები.
ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა, და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ. ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.
ფიტარეთის ტაძარი ცნობილია ასევე თავის მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით, რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება და რაც ასევე გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან.
ფიტარეთში სამონასტრო ცხოვრების შესახებ მის გარშემო არსებული სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები, ამავე დროს სხვადასხვა ისტორიული წყაროები მიგვითითებენ. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელზე აგებული ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. გარს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი, გალავანშივეა ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ამავე დროს კარიბჭის ფუნქციასასაც ასრულებს. გალავნის შიგნითაც და გარეთაც უამრავი საცხოვრებელი, თუ სამეურნეო ნაგებობის კვალია. რაც შეეხება ტაძრის აგებას, მაშენებლებს, ამის შესახებ სამხრეთის შიდა კარიბჭეზე არსებული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს. ექვთიმე თაყაიშვილს ქარაგმების გახსნის წარწერა ასე წაუკითხავს: ”ქ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისაითა, შეწევნითა და მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღმრთის მშობლისა და წმინდიდაითა, რომელნი საუკუნეთგან სათნო ეყვნეს ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ღირს ვიქმენ მომადლობითა ღმრთისათა მე ქავთარ ქაჯიფაჲს ძე ამირეჯიბი თჳითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისა, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედის ღმრთისა. არა ვისი რთავს თვინიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძია და თევდორე წმინდანი ჩემთავე ჴრმლითა მონაგებითა საფასითთა, მათთვე ღმრთივ სანატრელთა დიდთა მეფეთა (ჩუენთა) საბედნიეროდ, შევსწირენ მას ყოვლადწმინდასა ღმრთის მშობელსა ფიტარეთსა სამლოცველოდ მეფობისა მათისა, და (ცოდვილისა)ჩემისა, სულისა, მშობელთა და ძმათა, შვილთა და მომავალთა ჩემთათჳის, არავისგან შეიცვალენ, არცაარაჲ ვისსა მართალ აქუს, ვიტყვი მოწმობითა ღმრთისაჲთა. და რამანცა გამოაჴუნეს, ანუ ქცევად იკადროს და ამის მონასტრის დაკლებად, დიდი იყოს, გინა მცირე, კრულ იყოს დაუსაბამისა ღმრთისა პირითა მკუდარი და ცოცხალი. ამინ.”
თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ წარწერაში მოხსენიებული მეფე გიორგი ბრწყინვალე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდგომში დადგინდა, რომ იგი ლაშა გიორგია(1213-1222 წწ). შესაბამისად ლოგიკურია ტაძრის დათარიღებაც, მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით. წარწერიდანვე ვიგებთ, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ამავე დროს იგი აუგია მეფის ამირეჯიბ(თანამდებობაა მეფის კარზე) ქავთარ ქაჯაფაჲსძეს. სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით ზემოხსენებული ქავთარ ამირეჯიბი, ბარათაშვილების შორეულ წინაპარს წარმოადგენს, რომლებიც ბაღუაშ-ორბელიანთა მიწებზე დასახლდენ და გაბატონდნენ. წარწერა კიდევ ერთ ინფორმაციას გვაძლევს, როგორც ჩანს ქავთარს ერთერთ ლაშქრობაში გაუმარჯვია, საიდანაც მოპოვებული ალაფით აუგია ეს ეკლესია, ამავე დროს მონასტრისათვის ტანძია და თევდორე წმინდაც შეუძენია.
ფიტარეთის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია ძალიან მწირია. წყაროებიდან ვიგებთ, რომ 1696 წელს ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეს, წინამძღვარ იობს აუგია მარანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მონასტერს საკმაოდ ძლიერი მეურნეობა ჰქონია. ამჟამად მარანი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ამავე წყაროდან ვიგებთ რომ უმეფობის პერიოდში ლეკიანობა იმდენად მოძლიერებულა, რომ წინამძღვარი იობი თბილისში გადმოსულა.
ტაძარში საკურთხევლის წინ არსებულ საფლავის ქვაზე არსებული წარწერიდან ვიგებთ, რომ XVII საუკუნეში ტაძარი შეუკეთებია ყაფლან ორბელიანს.
არსებობის მანძილზე ფიტარეთს ტაძარი უამრავჯერ იქნა აოხრებული და დარბეული.
დღესდღეობით ფიტარეთში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ყოველი წლის 4 დეკემბერს კი მონასტრის დღესასწაული – ფიტარეთობა აღინიშნება.
სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე ბარათაშვილ-ორბელიანთა საკუთრება იყო.