ოქროწყლის ტბები ჭუბერის თემს ეკუთვნის, მარშრუტი სოფელი ლახამიდან იწყება და ორმელეთის ხეობას მიუყვება. 25 კილომეტრიან სამანქანო გზას რომ გაივლი, საფეხმავლოზე გადადიხარ, გაუკვალავ ბალახებსა და ტყეში გაუჩინარდები, 7-8 კილომეტრის გავლის შემდეგ კი, ოქროწყლის დიდ ტბას მიადგები. დიდი ტბიდან პატარა ტბამდე 2.5 კილომეტრია. მანამდე, სიმაღლის აწევასთან ერთად უმშვენიერეს ჩანჩქერთანაც გიწევს გავლა. ტბები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოსაა.
თუ სვანეთში ერთხელ მაინც იმოგზაურებ, აქაური ბუნება და არქიტექტურა საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
ოქროწყლის ტბები ერთ-ერთი ასეთი ადგილია მესტიაში, სადაც ზღაპრული სილამაზე დაგხვდება – მთებით გარშემორტყმული ფირუზისფერი ტბები საოცარი სანახავია. გზად ჩანჩქერების კასკადსაც დაინახავ, რომელიც ოქროწყლის ტბებიდან გამოედინება.
ოქროწყლის დიდი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2 400 მ-ზე მდებარეობს. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლის – ხან მწვანეა, ხან ფირუზისფერი, ხანაც ლურჯი – გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება.
დავით ჩიხლაძის ფოტოები