საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თვითმოქმედ ანსამბლ „დიდგორს“ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტს მიეძღვნა ანსამბლის კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილი.
ანსამბლ „დიდგორის“ პროფესიონალმა მომღერლებმა მუზეუმის სტუმრებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები შეასრულეს და ხალხური სიმღერის გაკვეთილები ჩაატარეს.
მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლ „დიდგორს“ ოცი წელი შეუსრულდა და იგი უკვე ახალი სტატუსითა და ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით გააგრძელებს განვითარებასა და ქართული ფოლკლორის ტრადიციების თაობებისთვის გადაცემას.
2023 წელს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტის – „ამღერებული მუზეუმის“ ფარგლებში მუზეუმის სტუმრებს ქართულ ფოლკლორს სწორედ ანსამბლი „დიდგორი“ აცნობდა.
პროექტი „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით 2023 წელს შეიქმნა. რამდენიმე თვის მანძილზე რვა ფოლკლორული კონცერტი ანშლაგით ჩატარდა და ქართულ სიმღერასთან დაკავშირებული ოთხი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მუზეუმში მოიზიდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მსმენელი. კულტურის სამინისტრო ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად კვლავ გააგრძელებს მსგავსი მრავალფეროვანი კულტურული პროექტების მხარდაჭერას.
საგულისხმოა, რომ ანსამბლი „დიდგორი“ ერთ-ერთია იმ ანსამბლთა შორის, რომლებსაც კულტურის სამინისტროსგან მაღალი ხარისხის ტრადიციული სასცენო სამოსი გადაეცა. 2022 წელს ანსამბლმა ჩოხის 15 ახალი კომპლექტი მიიღო.
„დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა და მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. ანსამბლი აქტიურად საქმიანობს საქართველოსა და უცხოეთში. 2012 წლიდან „დიდგორი“ პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მართავდა კონცერტებს ადგილობრივ მომღერლებთან ერთად. 2015 წელს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ნომინაციაში „ახალი თაობა“, ანსამბლს გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე 2015 და 2016 წელს „დიდგორმა“ პირველი ადგილი დაიკავა.