„საირმე”
პირველი წერილობითი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის ირგვლივ კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.
ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილზე ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ ჩერდებოდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. “ჯადოსნური” ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.