თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებებმა შესაძლოა დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი, ერთი ან ორივე შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი ან შარდსადენი.
სიმპტომები
საშარდე გზების ზოგიერთი დაავადება იშვიათად იწვევს სიმპტომებს მანამ, სანამ ძალიან არ გაღრმავდება. ასეთი დაავადებებია: თირკმლების უკმარისობა, სიმსივნეები და კენჭები, თუ ისინი არ უშლის ხელს შარდის დინებას, აგრეთვე, ზოგი ნაკლებად მძიმე ინფექცია.
ზოგჯერ სიმპტომები ვლინდება, მაგრამ იმდენად ზოგადია, რომ ექიმისთვის ძნელია მათი თირკმელთან დაკავშირება. მაგალითად, შეუძლოდ ყოფნა ან უმადობა, ან გულისრევა, ან გავრცელებული ქავილი შესაძლოა თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ერთადერთი სიმპტომი იყოს. მოხუცებში ინფექცია ან თირკმლების უკმარისობა პირველად ცნობიერების მოშლით შეიძლება გამოვლინდეს. სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად მიანიშნებს თირკმლების ან საშარდე გზების პრობლემებზე, შემდეგია: ტკივილი წელის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება და შარდვის გამოყოფის დარღვევები.
წვა ან ტკივილი შარდვისას
მოშარდვის დროს ტკივილი ან წვა (დიზურია) შესაძლოა იგრძნობოდეს შარდსადენის გარეთა ხვრელის მიდამოში ან, უფრო იშვიათად, შარდის ბუშტის არეში (მენჯში, მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთ). ზოგჯერ ქალებში შარდვისას ტკივილი ან წვა მაშინაც არის, როცა საშოს ან მისი მიმდებარე არის ინფექცია ან ანთება, ანუ ვულვოვაგინიტია გამოხატული.
მიზეზები
დიზურია გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ზრდასრული ასაკის ქალებს შორის. მისი მიზეზი ხშირად საშარდე გზების ინფექციაა, მაგალითად, ცისტიტი ან ურეთრიტი. თუმცა, დიზურია შესაძლოა აწუხებდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს ან ქალს, მაგრამ ინფექციით გამოწვეული არ იყოს.
შეფასება
ექიმები ზოგჯერ მიზეზს დაახლოებით ხვდებიან იმის მიხედვით, თუ სად არის ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გამოხატული. მაგალითად, თუ წვა ან ტკივილი ყველაზე ძლიერია ბოქვენის ძვლის ზემოთ, მაშინ შარდის ბუშტის ინფექცია – ცისტიტია სავარაუდო. ქალები, რომლებსაც ხშირად აქვთ ეს პრობლემა, ზოგჯერ სიმპტომების გამოვლენისთანავე ხვდებიან, რომ მორიგი გამწვავებაა მოსალოდნელი. თუ შეგრძნება შარდსადენის გარეთა ხვრელთანაა ყველაზე მკვეთრი, მიზეზი შეიძლება შარდსადენის ანთება – ურეთრიტი იყოს. მამაკაცებს შორის პენისიდან გამონადენის მიზეზი ხშირად ურეთრიტია. თუ წვა ძირითადად საშოს მიდამოში იგრძნობა და ქალს გამონადენიც აქვს, ვაგინიტია სავარაუდო.
გასინჯვამ შესაძლოა გამოავლინოს დიზურიის გამომწვევი დაავადება. მაგალითად, შეიძლება დადასტურდეს გამონადენის არსებობა, საშოს ან გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვა) ანთება და ატროფია, რაც ვულვოვაგინიტის ნიშანია. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დამადასტურებელი შეიძლება იყოს. სათესლე დანამატის ან სათესლე ჯირკვლების მტკივნეულობა შესაძლოა ეპიდიდიმოორქიტით იყოს გამოწვეული, წინამდებარე ჯირკვლის მტკივნეულობა – პროსტატიტით.
ექიმები ყოველთვის ვერ თანხმდებიან დამატებითი გამოკვლევების საჭიროებაზე. ზოგი მათგანი უბრალოდ მკურნალობს ზრდასრულ ქალებს, რომლებსაც ცისტიტის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ზოგი გამოკვლევებს უნიშნავს ყველას ან მათ, ვისი დიაგნოზიც გარკვეული არ არის. ამ დროს, როგორც წესი, პირველად შარდის ანალიზი კეთდება. ხშირად საჭირო ხდება შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად და ეფექტური ანტიბიოტიკების შესარჩევად. ქალებში საშოდან გამონადენის ნაცხსაც იღებენ და მიკროსკოპით სწავლობენ. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, იმ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც შარდსადენიდან გამონადენი აწუხებთ, ხომ არა აქვთ გონორეა ან ქლამიდიოზი.
მკურნალობა
უპირველესად პრობლემის მიზეზზე ზემოქმედებაა საჭირო. ხშირად მიზეზი ინფექციაა და მკურნალობა ადამიანს 1-2 დღეში ჰგვრის შვებას. თუ დიზურია ძალიან მკვეთრია, პირველი ორი დღის განმავლობაში ექიმმა შეიძლება ფენაზოპირიდინი დანიშნოს დისკომფორტის მოსახსნელად. ეს მედიკამენტი შარდს მოწითალო-ნარინჯისფრად ღებავს.
ტკივილი წელის არეში
თირკმლების დაავადებებით გამოწვეული ტკივილი, როგორც წესი, გვერდის, წელის არეში ან კუდუსუნის ზემოთ იგრძნობა. ზოგჯერ იგი მუცლის შუა ნაწილისკენ გადაეცემა. ტკივილს თირკმლების გარედან მფარავი კაფსულის დაჭიმვა იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებისას თირკმლების სწრაფად შეშუპების გამო ხდება. ძლიერ ტკივილს ხშირად გულისრევა და ღებინება ახლავს თან.
მიზეზები
თირკმლების კენჭი აუტანელ ტკივილს იწვევს, როცა დაიძვრება და შარდსაწვეთში გადადის. კენჭის მოძრაობის საპასუხოდ შარდსაწვეთი იკუმშება და ადამიანი ძლიერ, ჭვალისმაგვარ ტკივილს გრძნობს (თირკმლების ან შარდსაწვეთის კოლიკა) გვერდში და წელში, ხშირად საზარდულში ან სათესლე ჯირკვლებში გადაცემით. ტკივილი მოვლითი ხასიათისაა. ის შეიძლება გაგრძელდეს 20-დან 60 წუთამდე და შემდეგ გაქრეს. ტკივილი ყუჩდება და აღარ გრძელდება, თუ შარდსაწვეთი მოდუნდა ან კენჭი შარდის ბუშტში გადავიდა.
თირკმლების ინფექცია (პიელონეფრიტი) ამ ორგანოს შეშუპებას იწვევს, რაც ჭიმავს კაფსულას და პაციენტი მუდმივ, მღრღნელ ტკივილს გრძნობს. თირკმლების სიმსივნეები, როგორც წესი, არ იწვევს ამ შეგრძნებას, სანამ ძალიან დიდი ზომისა არ გახდება.
წელის ტკივილის სხვა მიზეზებია: თირკმლების ან ნაწლავის სისხლით მომარაგების მწვავე მოშლა, აორტის ანევრიზმა გამსკდარი ან, ზოგჯერ, გასკდომის გარეშე, ხერხემლის ან ზურგის ტვინის ნერვების დაავადებები, კუნთების ან ძვლების დაზიანებები და მუცლის ღრუს უკანა ნაწილის (რეტროპერიტონეუმი) სიმსივნეები.
შეფასება და მკურნალობა
სიმპტომების შეფასებისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმი ხშირად შარდის ანალიზს ნიშნავს. ამ კვლევის შედეგით დგინდება, არის თუ არა შარდში სისხლის წითელი უჯრედები ან ჭარბი რაოდენობით თეთრი უჯრედები, რაც ინფექციას ხდის სავარაუდოს. საჭიროებისას შესაძლოა შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა. თუ ადამიანს ძალიან ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი აქვს (ჭვალი) და შარდში სისხლი აღმოჩნდება, დიდი ალბათობით მიზეზი თირკმლების კენჭოვანი დაავადებაა. თუ ტკივილი შედარებით სუსტია, თანაბარი, აღინიშნება მტკივნეულობა რომელიმე თირკმლის საპროექციო არეზე ხელის მსუბუქად დარტყმისას, მაღალი ტემპერატურა და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სიჭარბე შარდში, სავარაუდო დიაგნოზი.
სიმპტომების შეფასებისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმი ხშირად შარდის ანალიზს ნიშნავს. ამ კვლევის შედეგით დგინდება, არის თუ არა შარდში სისხლის წითელი უჯრედები ან ჭარბი რაოდენობით თეთრი უჯრედები, რაც ინფექციას ხდის სავარაუდოს. საჭიროებისას შესაძლოა შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა. თუ ადამიანს ძალიან ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი აქვს (ჭვალი) და შარდში სისხლი აღმოჩნდება, დიდი ალბათობით მიზეზი თირკმლების კენჭოვანი დაავადებაა. თუ ტკივილი შედარებით სუსტია, თანაბარი, აღინიშნება მტკივნეულობა რომელიმე თირკმლის საპროექციო არეზე ხელის მსუბუქად დარტყმისას, მაღალი ტემპერატურა და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სიჭარბე შარდში, სავარაუდო დიაგნოზი თირკმლების ინფექციაა. თუ ექიმი კენჭის არსებობას ვარაუდობს, როგორც წესი, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ტარდება, რათა ზუსტად განისაზღვროს კენჭის ზომა და მდებარეობა, ასევე ის, თუ რამდენად უშლის ის ხელს შარდის დინებას. ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება საჭირო არ არის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. თუ ტკივილის მიზეზი გაურკვეველია, შესაძლოა იგივე გამოკვლევა ჩატარდეს კონტრასტული ნივთიერებით ან სხვა კვლევა დაინიშნოს.
საჭიროა დადგენილი დაავადების მკურნალობა. საშუალო სიძლიერის ტკივილი შეიძლება გაყუჩდეს აცეტამინოფენის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების შემდეგ. კენჭით გამოწვეული ტკივილი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს და ინტრავენური ოპიოიდების გამოყენება გახდეს საჭირო.
შეშუპება
შეშუპებას ქსოვილებში სითხის დაგროვება იწვევს. მას, შესაბამისად, წონის მატებაც შეიძლება ახლდეს თან. შეშუპება ხშირად ყველაზე მეტად შესამჩნევია კოჭებსა და ტერფებზე, მაგრამ, შეიძლება აღინიშნოს მუცელზე, წელზე, ხელებსა და სახეზე. თუ შეშუპება ძალიან მკვეთრია, შეიძლება სითხე ფილტვებშიც დაგროვდეს და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს.
მიზეზები
შეშუპება შეიძლება მაშინ განვითარდეს, როცა თირკმლები ვეღარ გამოყოფს ორგანიზმიდან ზედმეტ ნატრიუმსა და წყალს, მაგალითად, თირკმლების უკმარისობის დროს. შეშუპების მიზეზი თირკმლების ისეთი დაავადებაც შეიძლება იყოს, რომელიც სისხლიდან დიდი რაოდენობით ცილის (განსაკუთრებით ალბუმინის) დაკარგვას იწვევს შარდთან ერთად (ე.წ. ნეფროზული სინდრომი). თუ სისხლში ალბუმინის დონე ძალიან დაქვეითდა, სითხე სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადაინაცვლებს და შეშუპება ვითარდება.
სხვა დაავადებებსაც შეუძლია შეშუპების გამოწვევა. გულის უკმარისობის დროს, როცა გული ვეღარ გადატუმბავს სისხლის საკმარის რაოდენობას, მისგან წამოსული სიგნალის საპასუხოდ თირკმლები აკავებს მარილსა და წყალს და ისინი ქსოვილებში გროვდება. ღვიძლის შორსწასული დაავადებების დროსაც იგივე ხდება – ღვიძლიდან წამოსული სიგნალის საპასუხოდ თირკმლები აკავებს მარილსა და წყალს. შეშუპება ძლიერდება სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითების გამოც, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სითხის გაჟონვას ქსოვილებში. თუ მხოლოდ ერთი კიდურია შეშუპებული, სავარაუდოა, რომ მიზეზი ამავე კიდურში არსებული პრობლემაა (თრომბი ვენაში ან ტრავმა) და არა თირკმლების, ღვიძლის ან გულის დაავადება.
შეფასება და მკურნალობა
ექიმები შეშუპების არსებობასა და ხარისხს პაციენტის წვივზე თითის დაჭერით არკვევენ; თუ თითის მოცილების შემდეგ კანზე ჩანაჭდევი დარჩა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქსოვილებში ზედმეტი სითხეა დაგროვებული. სხვა სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით განისაზღვრება შეშუპების გამომწვევი მიზეზი – თირკმლების, ღვიძლისა ან გულის დაავადება. თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ტარდება შარდისა და სისხლის ანალიზები. თუ გულის უკმარისობაა სავარაუდო, გულმკერდის რენტგენით გამოკვლევაა საჭირო, ზოგჯერ ექოკარდიოგრაფიაც. ნეფროზული სინდრომის არსებობის დასადასტურებლად განისაზღვრება შარდთან ერთად დაკარგული ცილის რაოდენობა, რისთვისაც იანგარიშება შარდის განსაზღვრულ ულუფაში ცილის საერთო რაოდენობის მაჩვენებლის შეფარდება კრეატინინის შემცველობის მაჩვენებელთან.
თუ შესაძლებელია, არსებული დაავადების მკურნალობაა საჭირო. შეშუპება ხშირად მცირდება ან ალაგდება შარდმდენი საშუალების გამოყენებით, თუ თირკმლები კარგად ფუნქციონირებს. თირკმლების ფუნქციის დაქვეითების ან სითხის ფილტვებში დაგროვების შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დიალიზი დასჭირდეს.
შარდის მოცულობის გაზრდა
ადამიანების უმრავლესობა დღეში დაახლოებით 4-6-ჯერ შარდავს, ძირითადად დღისით. ნორმაში მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში 700 მილილიტრიდან 2 ლიტრამდე შარდს გამოჰყოფს, ჩვილი – 250 მლ-ს. შარდის გამოყოფის მომატება გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდას, მეორე მხრივ, ნორმალურ მოცულობას, მაგრამ მოშარდვის სურვილის გახშირებას (გახშირებული შარდვა).
მიზეზები
გაზრდილი მოცულობა: ჭარბი რაოდენობით შარდი წარმოიქმნება: დიდი რაოდენობით სითხის დალევის (პოლიდიფსია), შარდმდენი მედიკამენტების ან შარდმდენი მოქმედების მქონე ნივთიერებების (ალკოჰოლი, კოფეინი) მიღების, სისხლში შაქრის შემცველობის მაღალი დონის შედეგად (მაგალითად შაქრიანი დიაბეტისას). უშაქრო დიაბეტი იშვიათი დაავადებაა, რომელსაც შარდის მოცულობის გაზრდა ახასიათებს ტვინის ანტიდიურეზული ჰორმონის (იგივე ვაზოპრესინი) მოქმედების დარღვევის გამო. ეს ნივთიერება ეხმარება თირკმელს სითხის უკუშეწოვაში. თუ იგი ძალიან მცირე რაოდენობით გამომუშავდება ან თირკმელი მასზე სათანადოდ არ რეაგირებს, შარდის მოცულობა იზრდება.
გახშირებული შარდვა: მოშარდვის სურვილის გახშირება შარდის სადღეღამისო მოცულობის გაზრდის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის გაღიზიანებამ ან მასზე ზეწოლამ. გაღიზიანების ყველაზე ხშირი მიზეზი საშარდე გზების ინფექციაა (სგი). უფრო იშვიათად გამომწვევი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის სიმსივნე ან სხვა წარმონაქმნი (საშვილოსნოც კი, ორსულობის დროს), რომელიც შარდის ბუშტს გარედან აწვება, ამცირებს მის ტევადობას და იწვევს მოშარდვის სურვილის გახშირებას. შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის გაძნელება ნაწილობრივი დახშობის გამო (ხშირად, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო), ასევე შეიძლება იყოს ხშირი შარდვის მიზეზი.
შეფასება და მკურნალობა
ექიმი დაინტერესდება, იღებს თუ არა ადამიანი შარდმდენ საშუალებებს. ტკივილი ან წვა შარდვისას ინფექციის არსებობაზე ბადებს ეჭვს. მამაკაცებში ექიმი წინამდებარე ჯირკვალს გასინჯავს ხელთათმნიანი, ლუბრიკანტიანი თითით, სწორი ნაწლავიდან. თუ ჯირკვალი გადიდებულია, ექიმი დანიშნავს სისხლის ანალიზს (პროსტატსპეციფიკური ანტიგენი) და ზოგჯერ წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევასაც. როგორც წესი, შარდი მოწმდება მასში გლუკოზის (ეჭვი შაქრიან დიაბეტზე) ან ბაქტერიებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი რაოდენობის (ეჭვი საშარდე გზების ინფექციაზე) არსებობაზე. თუკი მიზეზი კვლავ გაურკვეველია, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სისხლსა და შარდში ელექტროლიტების შემცველობის განსაზღვრა, თირკმლების, შარდსაწვეთების ან შარდის ბუშტის გამოსახულებითი კვლევების ჩატარება (კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
მკურნალობის მიზანია გამომწვევი მიზეზის აღმოფხრა.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.
გამომცემლობა პალიტრა L