„ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოს დედაქალაქის შესახებ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში და წერს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.
„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რის გამოც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.
თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და, ამავდროულად, ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით“, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ 158-გვერდიან გამოცემაში საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში 3-გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა რვა ათას წელს ითვლის.
easyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით შეასრულებს.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.