კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით.
როგორც ამბობენ, კურორტის ტერიტორიაზე, უძველეს დროში, კლდეკარი არსებობდა თურმე. კლდეკარის ჩაგმანვის შემდეგ, მტრისგან დაცული ხდებოდა მოსახლეობა.
ხეობის ირგვლივ ბუნებრივად წარმოქმნილი მთათა სისტემა ქმნის სამმხრივ დაცვას და მხოლოდ ერთ გასასვლელს, რომელიც ომიანობის პერიოდში მთელი ხეობის მცხოვრებთა მთავარი მანიშნებელი ადგილი იყო – ხალხური გადმოცემით, სქურის შესასვლელში დანთებული ცეცხლი მიანიშნებდა საფრთხეს – რომ მტერი ახლოსაა. ცეცხლის დანახვისთანავე მოსახლეობა ხეობაში შედიოდა, იმ ერთადერთ გასასვლელს ჩახერგავდნენ და მტერს გზას უკეტავდნენ.
სქურის წყალი, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება. 1920 წელს მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა.
სამეცნიერო დასკვნით სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „სქური“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს.
მინერალური წყალი “სკური” ადგილზე ჩამოისხმებოდა და გადიოდა საქართველოს თუ კავშირის სხვადასხვა ქალაქში გასაყიდად. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, წყლის ჩამოსხმა სკურის ქარხანაში შეწყდა.