სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირელიგიავაზის ჯვარი, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარადის ქალწულ მარიამისაგან გამოცხადებაში ებოძა წმიდა ქალწულ...

ვაზის ჯვარი, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარადის ქალწულ მარიამისაგან გამოცხადებაში ებოძა წმიდა ქალწულ ნინოს

გილოცავთ 27 იანვარს ნინობაა❤️
წმინდა ნინოს ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს❤️
განსაკუთრებით ვულოცავთ მისი სახელის მატარებელთ❤️
გილოცავთ ანგელოზის დღეს ❤
გაიხარეთ და გამრავლდით ❤
წმინდა ნინო არის ერთერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული მოღვაწე საქართველოს ეკლესიის.
იგი ღვთისმშობლის კურთხევით შემობრძანდა საქართველოში და შემოიტანა რწმენა ქრისტესი.
საოცარია, 14 წლის გოგომ შეძლო მთელი საქართველოს ახლიდან გაქრისტიანება❤️
იმდენად დიდია ღვაწლი მისი, რომ ეკლესიამ ის მოციქულთა სწორად შერაცხა❤️
„წმინდაო მოციქულთა სწორო, დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის“

ვაზის ჯვარი, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარადის ქალწულ მარიამისაგან გამოცხადებაში ებოძა წმიდა ქალწულ ნინოს.

ღვთისმოშიში მშობლების შვილი, წმიდა ნინო თორმეტი წლის ასაკიდან იერუსალიმში, უფლის საფლავთან ახლოს იზრდებოდა ღვთივსათნო ხნიერი ქალის, სარა ბეთლემელის, მორჩილებაში. სწორედ ამ სათნო ქალისგან შეიტყო მან პირველად უფლის კვართის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არსებობის შესახებ. ამ დღიდან მოყოლებული, იგი ევედრებოდა დედა ღვთისმშობელს, მისთვის უფლის წმიდა სამოსი გამოეჩინა. წმიდა ნინოს ვედრება მართლაც შეიწირა ღმერთმა და მარადის ქალწულ მარიამის ლოცვა-კურთხევით, იგი საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული:

„მაშინ დედოფალმან მიყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენახისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ… ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაი შენი, და თანაშემწე გეყო და არა დაგიტეო შენ“. მორჩილების ნიშნად, წმიდა ნინომ მოიკვეცა თმა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით აღსავსე, გამოეშურა საქართველოსკენ…

წმიდა ნინოს ცხოვრების მცხეთური რედაქციის მიხედვით, ეს ჯვარი წმიდანს ღმრთისმშობელმა იერუსალიმში გადასცა. თუმცა არსებობს სხვა რედაქციაც, რომელიც ვაზის ხის რტოთაგან შეკრულ ჯვარს თვითონ წმიდა ნინოს მიაწერს – წმიდანს იგი თავისი თმებით მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას შეუკრავს. შემდგომში ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ აკურთხა თავისი შვილი ბაქარი.

ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს ჯვრის გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.

V საუკუნეში ჯვარი აღმოჩნდა წმიდა შუშანიკთან (საქართველოს აღმოსავლეთ პროვინციის – რანის მმართველის მეუღლესთან). იგრძნო რა წმიდა შუშანიკმა სიკვდილის მოახლოება (+474 წ.), ჯვარი გადასცა თავის მოძღვარს ანდრიას საქართველოში წამოსაღებად, მაგრამ ანდრია იძულებული გახდა სომხეთში დარჩენილიყო ჯვრიანად. ეს ჯვარი სომხეთის სხვადასხვა ქალაქებსა და მონასტრებში ინახებოდა, ქალაქ ანის აღებამდე საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მიერ, რომელმაც ჯვარი დაუბრუნა მცხეთას.

ისტორიული წყაროების მიხედვით, XI-XII საუკუნეებში წმიდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში ესვენა. მეფე ვახტანგ III-მ (1301-1307) მისთვის გააკეთებინა სახატე (კუბო), რომელზედაც აღბეჭდილია წმიდანის ცხოვრების ექვსი შემთხვევა: ა. გამოცხადება ღვთისმშობლისა წმიდა ნინოსადმი სიონის ქორედში; ბ. გადაცემა ვაზის ჯვრისა ნინოსათვის ღვთისმშობლის მიერ; გ. სიზმარი წმიდა ნინოსი თოფაროვნის ტბის პირას (მტკვრის სათავესთან) და გადაცემა მისთვის ზეციურ მახარებლის მიერ პერგამენტისა ათი მუხლით წმიდა სახარებიდან; დ. მეხის მიერ შემუსვრა წმიდა ნინოს ლოცვა-ვედრებით არმაზის კერპისა, მეფე მირიანისა და სალოცავად მოსული დიდძალი ხალხის თანდასწრებით; ე. ნანა დედოფლის განკურნება სენისაგან წმიდა ნინოს ჯვრის შეხებით; ვ. სეფეწულის (რევის შვილის) განკურნება ასევე ჯვრის შეხებით.

XVII-XVIII საუკუნეებში, მტრების შემოსევის დროს, ჯვარი გადაიტანეს მთებში, ჯერ ყაზბეგის წმიდა სამების ეკლესიაში, მერე კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1749 წელს ჯვარი წმიდა ნინოს ხატით საცავიდან წაიღო თბილისის მიტროპოლიტმა რომანოზმა (ერისთავმა) და მიართვა თავის დას მოსკოვში, სეფე-წულის ბაქარ ვახტანგისძის მეუღლეს. სხვა ცნობის მიხედვით კი, წმიდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს გაუტანია საქართველოდან 1688 წელს. იმავე ცნობით, ჯვარი მოსკოვში ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა. შემდეგ წმიდა ნინოს ჯვარი სოფელ ლისკოვოში ქართველ დიდებულთა მამულში ვახტანგ VI-ის შთამომავალს, გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია. 1801 წელს კი ამ უკანასკნელს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია, რომელისაც დაუბრუნებია კიდეც საქართველოსთვის მისი კუთვნილი განძი. ეს 1802 წელს მომხდარა. დღეს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული და მას ასომთავრული წარწერაც ამშვენებს, რომელიც ასე იკითხება: „ღვთისმშობელმა მოსცა ჯვარი ვაზისა ნინოს…“ კიდობნის უკანა მხარეს კი მხედრული წარწერაა: „ქ. დედაო ნინა დედის ღუთისა ნიჭებულსა ჯუარსა გიმკობ მეფე ვახტანგი, რომლითა განანათლე ქუეყანა ქართველისა. მეცა მეოხ“. მკვლევარი პლატონ იოსელიანი ამ წარწერაში მოხსენიებულ ვახტანგს მეფე დავით IV-ის ვაჟად მიიჩნევს. XVII საუკუნეში კიდობანი მეფე არჩილს შეუ0მმკია და მასზე მავედრებელი წარწერაც დაურთავს: „წმიდაო მოციქულო ნინა, მეოხ-გუეყავ ორსავე შინა ცხოვრებასა მეფე არჩილს, რომელმან შემოგწირე სულის ჩემისა საოხად და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად შევამკე ხატი ესე…“

წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს, რომელიც ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, მრავალი სასწაული მოუხდენია. მემატიანე გვამცნობს, რომ მაყვლოვანს თავშეფარებული წმინდა ნინო “ნასხლევისა ჯვარითა იქმოდა სასწაულთა საკვირველთა” და ყოველგვარი სნეულებით შეპყრობილთ კურნავდა. დედოფალი ნანა ავად რომ გახდა და ვერავინ უშველა, თავი წმინდა ნინოსთან წააყვანინა და განკურნებას შეევედრა. წმინდანმა მცირე ჟამს ილოცა, მერე კი სნეულს ვაზის ჯვარი ჯვრის სახედ შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე. მეყსეულად განკურნებული დედოფალი ფეხზე წამოდგა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები