10 მუზეუმი და გალერეა, რომელსაც თბილისში უნდა ესტუმრო:
1. თბილისის ილუზიების მუზეუმი (Museum of Illusions Tbilisi)
Museum of Illusions Tbilisi – საოცარი ინსტალაციები და ექსპონატები ნებისმიერ სტუმარს გააოცებს. მუზეუმი ბეთლების 10-ში მდებარეობს.
2. Holoseum
ბეთლების 10-ში Holoseum-იც მოინახულებ. მრავალგანზომილებიანი პროექციების სამყარო-მუზეუმი ჯადოსნურ ფერებში დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდება. შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს გაგყვება.
3. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს. თავად სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს კი ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც 1852 წლიდან იწყება. მუზეუმში დამთვალიერებლებს უამრავი საინტერესო მუდმივმოქმედი თუ დროებითი გამოფენის ნახვა შეუძლია. საოცარი ექსპონატები მუზეუმის თითოეულ სტუმარს წარსულში დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. მუზეუმი რუსთაველის გამზირის 3-ში მდებარეობს.
4. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, 27 ნომერში — ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება შეგიძლია. მუზეუმი ხშირად მასპინძლობს საინტერესო პროექტებსა და გამოფენებს, შესაბამისად მნახველები მუზეუმს ყოველ ჯერზე ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით ტოვებენ.
5. 4710
თუ თანამედროვე ქართველი ხელოვანების შემოქმედებით ხარ დაინტერესებული, შეგიძლია, ამაღლების 19-ში გალერეა 4710-ს ესტუმრო. გალერეა ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. 4710-ის სივრცე და გამორჩეული ექსპონატები თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა იქნება.
6. თბილისის ციფრული სივრცე
Tbilisi Digital Space – თბილისის ციფრული სივრცე იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ხელოვნებასთან ერთად საოცარი სანახაობებიც უყვართ. მუზეუმის დათვალიერება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. დაუვიწყარი გამოცდილებისთვის მუზეუმს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ან პატარებთან ერთად თბილისი მოლის მე-3 სართულზე შეგიძლია ეწვიო.
7. The Why Not Gallery
The Why Not Gallery ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ემსახურება. გალერეის მაღაზიაში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება და მათი შეძენა შეგიძლია. გალერეა აღმაშენებლის 150-ში მდებარეობს.
8. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
რუსთაველის 7 ნომერში მდებარე Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის 3 500-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს საშუალებას აძლევს, მათთვის აქამდე უცნობი ქართველი ხელოვანები და მათი საინტერესო შემოქმედება გაიცნონ.
9. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
რუსთაველის გამზირის 11-ში მდებარე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ამისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. ეროვნულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ბევრი საინტერესო გამოფენისა და ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენა შეგიძლია.
10. თბილისის ისტორიის მუზეუმი
თუ გსურს, თბილისის ისტორიის შესახებ უფრო მეტი გაიგო, შეგიძლია, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) უნდა მოინახულო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე თბილისის ისტორიას მოგვითხრობს. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენებიც ხშირად იმართება. მუზეუმი სიონის 8 ნომერში მდებარეობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები