„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ ფარმაცევტულ კომპანიებზე საუბრისას განაცხადა.
„ზარალი მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება – ეს უშუალოდ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ეს ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს დადასტურდა 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ. ეს ხდებოდა მიზანმიმართულად, წინასწარ შეთანხმებით, გაძვირებული ფასებით, ზუსტად ერთნაირად დაფიქსირებული ფასებით მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევაში მედიკამენტების შესყიდვას სახელმწიფო ახდენს და სხვა ალტერნატივა სახელმწიფოს არც ჰქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.
აზარაშვილმა ისაუბრა იმ ბერკეტებზეც, თუ როგორაა შესაძლებელი არსებული სიტუაციის გამოსწორება, რათა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ანალოგიური არ განმეორდეს.
მისივე თქმით, არსებული რეფორმები და ვითარება, რომელიც მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნეს, სწორედ იძლევა მსგავსი სიტუაციის პრევენციას.
„მუდმივად ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე. ასევე ვქმნით სხვადასხვა სისტემებს, რაც პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია, კონკურენციის სააგენტოს პრინციპული დამოკიდებულება ასეთ საქმესთან მიმართებაში, რაც მისასალმებელია. ამით დადასტურდა ერთ შემთხვევაში, ეს მძიმე და სამწუხარო დანაშაული და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ადეკვატური, მკაცრი რეაგირება, რაც ჯარიმების ოდენობაში გამოიხატა. ესეც პრევენციის შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ მეორედ არავის გაუჩნდეს სურვილი მსგავსი შესაძლებლობა გამოიყენოს – ურთიერთ შეთანხმებით დააზარალოს, დააზიანოს ონკოლოგიური პაციენტები“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა.საკითხი ეხება – ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები