ენერგიული ვარჯიში, როგორიცაა მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში (HIIT), მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადი ჯანმრთელობის, განსაკუთრებით კი, გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
ასაკის მატებასთან ერთად გულის კუნთი განიცდის ცვლილებებს და ხდება მეტად ხისტი, რაც გავლენას ახდენს მისი მუშაობის ეფექტურობაზე და ზრდის გულის პრობლემების განვითარების რისკს. თუმცა, თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულ ენერგიულ ვარჯიშს, მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის (HIIT) ჩათვლით, შეიძლება ამ ეფექტების საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდეს.
45-58 წლის, მჯდომარე ცხოვრების სტილის ადამიანებში, 2 წლის განმავლობაში კვირაში 4-5 დღე და დღეში მინიმუმ 30 წუთი ვარჯიში, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ჩათვლით, იწვევს ჟანგბადის მაქსიმალური მიღების გაუმჯობესებას და მიოკარდიუმის სიხისტის მნიშვნელოვნად შემცირებას (რაც გულის გაახალგაზრდავებას და დაბერების შენელებას გულისხმობს).
რეგულარულმა ვარჯიშმა და მათ შორის, მაღალი ინტენსივობის ინტერვალურმა ვარჯიშმა, შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს საშუალო ასაკის ადამიანების გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გულის უკმარისობის განვითარებას შეუშალოს ხელი და გააუმჯობესოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის მაგალითებია:
მაქსიმალური ძალისხმევით სირბილი მოკლე ხანგრძლივობით, რასაც მოჰყვება ხანმოკლე დასვენება, შემდეგ ციკლის რამდენჯერმე გამეორება.
ველოსიპედით სიარული, დასვენების პერიოდების მონაცვლეობით.
სახტუნაო თოკზე ხტომა, დასვენების პერიოდების მონაცვლეობით.
ახტომა/ჩაჯდომები.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები