პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ თემატური მოკვლევის – “ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოკვლევასთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტი და კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი მიგნებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ექსპერტმა ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ონკოპაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„ჩვენი კომიტეტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ონკოპაციენტების მკურნალობისთვის არაერთი ქმედითი ნაბიჯია გადადგმული და ამ მიზნით არაერთ სახელმწიფო პროგრამასაც ვახორციელებთ, რომლებიც ონკოლოგიით დაავადებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენს კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფიც ამის დასტურია. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ კვლევის შედეგად აღმოჩენილი მიგნებები, რომელთა საფუძველზე რეკომენდაციებს შევიმუშავებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების შედეგად, თითოეული ონკოპაციენტის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
თემატური მოკვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები