თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებებმა შესაძლოა დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი, ერთი ან ორივე შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი ან შარდსადენი.
სიმპტომები
საშარდე გზების ზოგიერთი დაავადება იშვიათად იწვევს სიმპტომებს მანამ, სანამ ძალიან არ გაღრმავდება. ასეთი დაავადებებია: თირკმლების უკმარისობა, სიმსივნეები და კენჭები, თუ ისინი არ უშლის ხელს შარდის დინებას, აგრეთვე, ზოგი ნაკლებად მძიმე ინფექცია.
ზოგჯერ სიმპტომები ვლინდება, მაგრამ იმდენად ზოგადია, რომ ექიმისთვის ძნელია მათი თირკმელთან დაკავშირება. მაგალითად, შეუძლოდ ყოფნა ან უმადობა, ან გულისრევა, ან გავრცელებული ქავილი შესაძლოა თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ერთადერთი სიმპტომი იყოს. მოხუცებში ინფექცია ან თირკმლების უკმარისობა პირველად ცნობიერების მოშლით შეიძლება გამოვლინდეს. სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად მიანიშნებს თირკმლების ან საშარდე გზების პრობლემებზე, შემდეგია: ტკივილი წელის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება და შარდვის გამოყოფის დარღვევები.
წვა ან ტკივილი შარდვისას
მოშარდვის დროს ტკივილი ან წვა (დიზურია) შესაძლოა იგრძნობოდეს შარდსადენის გარეთა ხვრელის მიდამოში ან, უფრო იშვიათად, შარდის ბუშტის არეში (მენჯში, მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთ). ზოგჯერ ქალებში შარდვისას ტკივილი ან წვა მაშინაც არის, როცა საშოს ან მისი მიმდებარე არის ინფექცია ან ანთება, ანუ ვულვოვაგინიტია გამოხატული.
მიზეზები
დიზურია გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ზრდასრული ასაკის ქალებს შორის. მისი მიზეზი ხშირად საშარდე გზების ინფექციაა, მაგალითად, ცისტიტი ან ურეთრიტი. თუმცა, დიზურია შესაძლოა აწუხებდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს ან ქალს, მაგრამ ინფექციით გამოწვეული არ იყოს.
შეფასება
ექიმები ზოგჯერ მიზეზს დაახლოებით ხვდებიან იმის მიხედვით, თუ სად არის ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გამოხატული. მაგალითად, თუ წვა ან ტკივილი ყველაზე ძლიერია ბოქვენის ძვლის ზემოთ, მაშინ შარდის ბუშტის ინფექცია – ცისტიტია სავარაუდო. ქალები, რომლებსაც ხშირად აქვთ ეს პრობლემა, ზოგჯერ სიმპტომების გამოვლენისთანავე ხვდებიან, რომ მორიგი გამწვავებაა მოსალოდნელი. თუ შეგრძნება შარდსადენის გარეთა ხვრელთანაა ყველაზე მკვეთრი, მიზეზი შეიძლება შარდსადენის ანთება – ურეთრიტი იყოს. მამაკაცებს შორის პენისიდან გამონადენის მიზეზი ხშირად ურეთრიტია. თუ წვა ძირითადად საშოს მიდამოში იგრძნობა და ქალს გამონადენიც აქვს, ვაგინიტია სავარაუდო.
გასინჯვამ შესაძლოა გამოავლინოს დიზურიის გამომწვევი დაავადება. მაგალითად, შეიძლება დადასტურდეს გამონადენის არსებობა, საშოს ან გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვა) ანთება და ატროფია, რაც ვულვოვაგინიტის ნიშანია. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დამადასტურებელი შეიძლება იყოს. სათესლე დანამატის ან სათესლე ჯირკვლების მტკივნეულობა შესაძლოა ეპიდიდიმოორქიტით იყოს გამოწვეული, წინამდებარე ჯირკვლის მტკივნეულობა – პროსტატიტით.
ექიმები ყოველთვის ვერ თანხმდებიან დამატებითი გამოკვლევების საჭიროებაზე. ზოგი მათგანი უბრალოდ მკურნალობს ზრდასრულ ქალებს, რომლებსაც ცისტიტის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ზოგი გამოკვლევებს უნიშნავს ყველას ან მათ, ვისი დიაგნოზიც გარკვეული არ არის. ამ დროს, როგორც წესი, პირველად შარდის ანალიზი კეთდება. ხშირად საჭირო ხდება შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად და ეფექტური ანტიბიოტიკების შესარჩევად. ქალებში საშოდან გამონადენის ნაცხსაც იღებენ და მიკროსკოპით სწავლობენ. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, იმ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც შარდსადენიდან გამონადენი აწუხებთ, ხომ არა აქვთ გონორეა ან ქლამიდიოზი.
მკურნალობა
უპირველესად პრობლემის მიზეზზე ზემოქმედებაა საჭირო. ხშირად მიზეზი ინფექციაა და მკურნალობა ადამიანს 1-2 დღეში ჰგვრის შვებას. თუ დიზურია ძალიან მკვეთრია, პირველი ორი დღის განმავლობაში ექიმმა შეიძლება ფენაზოპირიდინი დანიშნოს დისკომფორტის მოსახსნელად. ეს მედიკამენტი შარდს მოწითალო-ნარინჯისფრად ღებავს.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები