ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამ გვირაბებიდან ყველაზე გრძელი 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი დამხმარე საევაკუაციო გვირაბის გაჭრა გასულ წელს დასრულდა.
პროექტის დასრულებისთვის ძირითადი კაპიტალური სამუშაოებიდან ხიდების აგება არის დარჩენილი. უკვე აშენებულია პირველი 435 მეტრის სიგრძის ხიდი, რომლის ბურჯებიც ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მაღალია და 47 და 48 მეტრს შეადგენს.
პროექტი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოინახულა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზა ეტაპობრივად 2026 და 2027 წლებში გაიხსნება.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაიჭრა 9-კილომეტრიანი, უნიკალური გვირაბი, ასევე 2 უნიკალური ხიდი შენდება და ეს სამუშაოები დავათვალიერეთ ადგილზე. დაახლოებით წელიწად-ნახევარში უკვე ეს გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება. შესაბამისად, ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი ხიდი მთელს რეგიონში. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ველით, რომ 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება გუდაურამდე მონაკვეთი, ხოლო სრულად პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში. შედეგად, ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი,“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
მიმდინარეობს პროექტის ხიდების მშენებლობის სამუშაოები. მათგან ყველაზე რთული 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შედარებით მცირე (322 მ, 218 მ, 148 მ და 42 მ) ხიდების მშენებლობასაც.
გზის სამშენებლო სამუშაოები ორ ნაწილად არის დაყოფილი, მათგან ყველაზე ძვირად ღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი საევაკუაციო გვირაბის მონაკვეთი, რომელზეც ჩინური კომპანია China Railway Tunnel group Co მუშაობს. ამ კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული ორივე გვირაბის გაყვანა დასრულებულია და მათი შიდა მოსახვისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება გზის მეორე 12.7-კილომეტრიან მონაკვეთს, მისი ღირებულებაა 317 მილიონი ლარი და მასზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ახორციელებს. გზის ეს მონაკვეთი ითვალისწინებს 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობას და ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას. გზის ამ მონაკვეთზე გვირაბების სიგრძეებია 1541 მეტრი, 194 მეტრი, 388 მეტრი და 299 მეტრი. ხოლო ხიდების სიგრძეებია 435 მეტრი; 426 მეტრი; 322 მეტრი; 218 მეტრი; 148 მეტრი და 42 მეტრი.
ამჟამად სამუშაოების უმეტესი ნაწილი გზის სწორედ ამ მონაკვეთზე არის დარჩენილი.
გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი $415 მილიონით, EBRD-ი კი $60 მილიონით აფინანსებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi