ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის განახლებული ცენტრალური პარკის პროექტის საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარია.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილ ქარხანას. აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია.
“პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის, დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება.
აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტ პარკის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სოციალიზაციას.

პარკის გასართობ ზონაში განთავსდა 5 ახალი ატრაქციონი. ამ ეტაპისთვის „თოკების ქალაქის“ ატრაქციის მიმდებარედ მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ მოეწყო ახალი მოსასვენებელი სივრცე, დაემატა მწვანე ნარგავები, სრულად განახლდა სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.
პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნისანიშნია, რომ დღეს “ბორჯომის” ახალი ქარხნის გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა პარკში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძისგან მიიღო.
