გ ი ლ ო ც ა ვ თ ნიკოლოზობას!
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში შესრულდება.ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს ეკლესიის მფარველად და მწყემსად მიიჩნევა.
წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში პათარში დაიბადა. სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, რომელიც პათარის ეპისკოპოსი იყო, იგი ჯერ მედავითნედ დადგინა, შემდეგ მღვდლად აკურთხა. მისი მღვდელმთავრად დადგინება მოგვიანებით მოხდა. ქალაქ მირონში, ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს უფალი გამოეცხადა და უთხრა, ვინც ღამით ტაძარში პირველად შემოვა, ჩემი რჩეულიაო. წმინდა ნიკოლოზი ტაძარში ჩვეულებრივ ცისკრის ლოცვაზე მივიდა. სასწაულის მხილველმა ეპისკოპოსმა მღვდელმთავრების შორის ჩააყენა და სასწაულის შესახებ ყველას აცნობა. წმინდანი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მას არ შეშინებია და განაგრძნობდა ღვთის სიტყვის გავრცელებას ხალხში, რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტიანების დევნა წმინდანთა სწორის კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ შეწყდა. მწყემსმთავარი კი საკუთარ სამწყსოს დაუბრუნდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღასრულა. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმიდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.
ტ რ ო პ ა რ ი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კ ო ნ დ ა კ ი: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.