პროფესიონალი ფოტოგრაფი ლაშა ზუბიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ცხოვრობს, მშობლებთან ერთად. ლაშა ამჟამად კასპში, მაჟორიტარი – დეპუტატის ბიუროში მუშაობს.
ლაშა ზუბიაშვილის ეზოს ფოტოებმა, რომელიც “ფეისბუქის” პირად გვერდზე განათავსა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მალე მისი ეზოს დათვალიერების სურვილი უცხო ადამიანებმაც გამოთქვეს. მისი ეზო ლამაზია წლის ყველა სეზონზე.
ლაშა ფოტოგრაფიით შვიდი წელია დაკავებულია. უამრავი ფოტო აქვს გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი გადაღებული ფოტოები სულ სხვა თვალით დაგანახებთ საქართველოს კუთხეებსა და ბუნებას.
გაიმარჯვა ფოტოკონკურსებში “რას წავიღებდი ევროპაში” და “ტყეების საერთაშორისო დღე”, ჰქონდა პერსონალური ფოტოგამოფენებიც.
ლაშა ზუბიაშვილს სახლში ვესტუმრეთ.
– მოგვიყევით თქვენს შესახებ…
-დავიბადე და გავიზარდე სოფელ მეტეხში, ახლაც აქ ვცხოვრობ. 37 წლის ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, აქაურობას ვერ ვტოვებ. მეტეხში 3000 ადამიანი მაინც ცხოვრობს, არ არის პატარა და მჭიდროდ დასახლებული ადგილია. მართლა ძალიან ლამაზი სოფელი გვაქვს, სადაც XIII საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია. უკვე წლების ტრადიციაა, რომ ჩვენი სოფლიდან დედაქალაქში შობის დღესასწაულზე, ალილოზე კამეჩები მიჰყავთ ხოლმე.
მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი
„აქაურობის სიყვარულმა მომანდომა, რომ ეზო გამელამაზებინა და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ დეკორაციების შექმნა შემეძლო“, – გვიამბობს ლაშა, – „დავალაგე ქვევრები, ჩამოვკიდე ჰამაკი, ხეებზე ჩიტის სახლები დავდგი, რომელიც მამასთან ერთად გავაკეთე. მე ვხატავ, როგორიც მინდა, შემდეგ კი ერთად ვაკეთებთ“.
როგორც ლაშამ მიამბო, ეზოში ისეთი ჩრდილია, ყვავილების გახარებას უშლის ხელს.
– ეზოში ისეთი ჩრდილია, ყვავილები ვერაფრით გავახარე. ვაპირებ საგანაგებოდ ისეთი ჯიშის ყვავილები შევარჩიო, რომლებიც ყველანაირ პირობებში ხარობენ…
ლაშა ზუბიაშვილს ჩიტებისთვის პატარა ქოხები აქვს, სადაც უამრავი ლამაზი ჩიტი ბინადრობს. ერთ-ერთმა გუშინ დაჩეკა ბარტყები.
– ფერადი ჩიტები არიან, ორნი, და ბარტყებს უზიდავენ საჭმელს!
გადავწყვიტე ჩიტებისთვის სახლები დამეკიდა. სპეციალურად ამისთვის ნახაზი გავაკეთე და მამაჩემს ვთხოვე, ისინი დაემზადებინა. მამამ უარი არ მითხრა და 8 სახლი გამიკეთა.
წელს 4 სახლში უკვე დაბინავდნენ ლამაზი ჩიტები, ბარტყებიც დაჩიკეს და უკვე გაფრინდნენ. ფერადები და ლამაზი იყვნენ. აქაურობას კარგად შეეჩვივნენ. უკვე ყოველ წელს, გაზაფხულზე, ბრუნდებიან ამ სახლებში.
ლაშას ეზოში განათება აქვს მოწყობილი. დიდი სახლი აქვს. ეზოც დიდია, მაგრამ ეზოს ნაწილის გალამაზება თავისი ხელით გადაწყვიტა.
ეზოში 45 წლის შინდის უშველებელი ხეებია, რომლებიც ლაშას პაპამ დარგო. დღეს ორსართულიანი შენობის სიმაღლეა ორივე…
– ისტორიული შინდის ხეებია… თან კარგად ისხამს, წელს ნახევარი ტონა დავკრიფეთ.
ეზოს მოწყობა 45 წლის შინდის ხეებმა შთამაგონა. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს შინდის ხეები. მათ გარშემო ლამაზი გარემოს შექმნა გადავწყვიტე.
ისეთი დიდები და მაღლებია, ორსართულიანი სახლის სიმაღლეა… ამ ადგილს ვუყურებდი ბავშვობიდან. გადავწყვიტე ეზოს უფრო გალამაზება. ხატვა მეხერხება და ღობეც მოვხატე – ყვავილები, მზე, უცებ რაც მოვიდა… გავაფერადე…
მდინარის ნაპირიდან თავად ამოვიტანე ქვები და ბილიკები გავაკეთე. დავაწყვე დოქები, ბალახი (კოინდარი) დავთესე.
– მუდმივად მოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ძალიან საინტერესო ფოტოებს იღებ. შენი მთავარი ინტერესის სფერო სწორედ ფოტოგრაფიაა.
– დიახ, ასეა, თავისუფალ დროს სულ ვმოგზაურობ, საქართველო ულამაზესია, ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს. თუმცა ჩემი მხარე ყველაფერს მირჩევნია. აქეთ უამრავი ადგილია, რომლის შესახებ ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს.
ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაფერია. ყველაზე მეტად ბუნების და ისტორიული ძეგლების გადაღება მომწონს.
ძირითადად ეკლესია-მონასტრებს ვიღებ, რაც უფრო ადრინდელი საუკუნისაა და ძველია, უფრო საინტერესოა. ასევე მიყვარს მოხუცების, ბავშვების, პეიზაჟების გადაღება.
გამოფენებიც მქონდა თბილისში, კასპში, ბათუმში. კონკურსებშიც გაუმარჯვია ჩემს ნამუშევარს.
ჩემი ოცნებაა შვეიცარიის აღბეჭდვა ჩემს ფოტოობიექტივში.
ვცდილობ ყველა ასეთი მშვენიერება გადავიღო და ჩემს Facebook გვერდზე განვათავსო, მყავს ბევრი გამომწერი, რომლებიც სიამოვნებით ათვალიერებენ ჩემ გადაღებულ ფოტოებს.
Lasha zubiashvili photographyhttps://www.facebook.com/Lasha-zubiashvili-photography-101274232349287
წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებთ ლაშა ზუბიაშვილს
ესაუბრა ირინა დათაშვილი
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები