რუსმა სპელეოლოგებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო Sputnik-ის ეთერში სპელეოლოგმა, გენადი სამოხინმა განაცხადა.
“ადგილობრივების მითითებით, სოფელ ჩაგრიფშში ერთი მღვიმე ვიპოვეთ, რომელიც ცნობილი იყო 60-იანი წლებიდან. შესაძლოა, უფრო ადრეც. ჩავედით მასში, ვნახეთ, რომ მღვიმე საინტერესო იყო, მდინარით. დაიწყო მიმდებარე რეგიონის შესწავლა. ამ რაიონში 20-მდე მღვიმეა, 15 ჩვენ ჩამოსვლამდე ცნობილი იყო”. – განაცხადა გენადი სამოხიანმა.
სპელეოლოგის თქმით, აღმოჩენილი უდიდესი მღვიმის სიღრმე 300 მეტრს აღწევს, დანარჩენების სიღრმე 15-დან 27 მეტრამდე მერყეობს. მისი აზრით, მღვიმის სიღრმე, შეიძლება, ბევრად მეტი იყოს.
“რატომ გვაინტერესებს ასე? შეგვიძლია რეპრუას [მდინარე გაგრაში) წყაროს მიწისქვეშა ნაწილში ჩავიდეთ. შეგვიძლია ჩავიდეთ წყალშიც, ზღვისკენ და ზევით, არბაიკას ქედისკენ. ეს ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ ვცდილობთ, მღვიმეში შესასვლელები ვიპოვოთ. იმის გაგება, როგორ მუშაობს წყალი მიწისქვეშეთში, ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის ეკოლოგიისთვის, გარემოს უსაფრთხოებისა და წყალმომარაგებისთვის”, – განაცხადა სამოხინმა.
სამოხინმა აღნიშნა, რომ რუსი მეცნიერები, აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტთან ერთად, აფხაზეთში მსოფლიოს სამ ყველაზე ღრმა გამოქვაბულს: კრუბერის, ვერიოვკინასა და მოსკოვსკაიას იკვლევენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები