პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა თემაზე – ინფექციური დაავადებები საქართველოში:
ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით – „ინფექციური დაავადებები საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, გამოვიდა პროფესორი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
მომხსენებელმა ინფექციური დაავადებები განიხილა, როგორც მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. წარმოადგინა უახლესი მონაცემები B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის, COVID-19-ის, ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების, რესპირაციული ინფექციების, ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებზე. განიხილა ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ პირველად მედიცინის ისტორიაში მოხდება ქრონიკული (და არა მწვავე) ინფექციური დაავადების ელიმინაცია არა ვაქცინით, არამედ მედიკამენტოზური თერაპიით. პროგრამის ფარგლებში უკვე განკურნებულია 85 ათასამდე ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ავადმყოფი. საქართველოში არ განხორციელებულა სხვა მსგავსი ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინოს.
მომხსენებელმა ისაუბრა აივ/შიდსის მართვის თანამედროვე პრინციპებსა და მიდგომებზე. 2025 წლისთვის ქვეყანაში იგეგმება აივ/შიდსის ეპიდემიის დაძლევა, რაც გულისხმობს აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას.
საქართველომ ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში მოახერხა COVID-19 გადაექცია ფატალური ინფექციიდან ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს იმას, რომ მისგან გამოწვეული ლეტალობა არ აღემატება ან მცირე¬დით აღემატება გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციებით ლეტალობას. COVID-19 აღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოში მიღწეულია განსაკუთრებით საშიში ინფექციით – ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით – დაავადებულთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში.
ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად რჩება ჰოსპიტალური ინფექციები და ანტი-მიკრობული რეზისტენტობა. ამ დაავადებებით გამოწვეული ზიანის შემცირება ჯანდაცვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
მოხსენების ბოლოს, ბატონმა თენგიზმა წარმოადგინა რეკომენდაციები ზემოთ აღნიშნული დაავადებების ძირითადი გამოწვევების გადასაჭრელად და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.