ნაღვლის კენჭები
ნაღვლის კენჭები წარმოადგენს მკვრივი ნივთიერების (ძირითადად, ქოლესტერინის კრისტალების) გროვებს ნაღვლის ბუშტში.
ღვიძლმა შეიძლება დიდი რაოდენობით ქოლესტერინი (ქოლესტეროლი) გამოყოს, რომელიც ნაღვლის ბუშტში ილექება.
ნაღვლის კენჭები ზოგჯერ მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს იწვევს, რომელიც შეიძლება საათების განმავლობაში გაგრძელდეს.
ულტრასონოგრაფიით (ექოსკოპიით) საკმაოდ ზუსტად შეიძლება ნაღვლის კენჭების აღმოჩენა.
თუ ნაღვლის კენჭები განმეორებით ტკივილს ან სხვა პრობლემებს იწვევს, ნაღვლის ბუშტს ამოკვეთენ.
ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების დაავადებების უმეტესობა გამოწვეულია ნაღვლის კენჭებით. ნაღვლის კენჭები უფრო ხშირია ქალებსა და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, ამერიკელ ინდიელებში. ნაღვლის კენჭების განვითარების რისკ-ფაქტორებია:
მდედრობითი სქესი;
ასაკი (ხანდაზმულობა);
სიმსუქნე;
ტიპური დასავლური დიეტა;
ნაღვლის კენჭების ოჯახური ანამნეზი.
აშშ-ში 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანების დაახლოებით 20%-ს ნაღვლის კენჭები აქვს.
ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭები (ქოლელითიაზი) ზოგჯერ ნაღვლის სადინარებში გადაადგილდება. ნაღვლის სადინარებში კენჭების არსებობას ქოლედოქოლითიაზი ეწოდება. ეს კენჭები ზოგჯერ ახშობენ ნაღვლის სადინარს.
ნაღვლის კენჭების უმეტესობა უსიმპტომოა, მაგრამ თუ ჩნდება სიმპტომები ან სხვა პრობლემები, საჭიროა მკურნალობა. ყოველწლიურად აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს უკეთებენ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციას.
დასავლეთის ქვეყნებში ნაღვლის კენჭების მთავარი შემადგენელია ქოლესტეროლი, იგივე ქოლესტერინი – ცხიმი (ლიპიდი), რომელიც, ჩვეულებრივ, ნაღველშია გახსნილი (მაგრამ არ იხსნება წყალში). როდესაც ღვიძლი ჭარბად გამოყოფს ქოლესტეროლს, ნაღველი ქოლესტეროლით გადაჯერებული ხდება. ჭარბი ქოლესტეროლი ქმნის მკვრივ ნაწილაკებს (ქოლესტეროლის კრისტალებს). ეს მიკროსკოპული კრისტალები გროვდება ნაღვლის ბუშტში, სადაც ისინი ერთიანდებიან და გადაიქცევიან ნაღვლის კენჭებად. სხვა სახის ნაღვლის კენჭები კალციუმის შენაერთების ნალექისა და ბილირუბინისაგან (ნაღვლის მთავარი პიგმენტის) წარმოიქმნება. კენჭებს, რომლებიც ბილირუბინს შეიცავს, პიგმენტური კენჭები ეწოდებათ და ისინი შავი (წარმოიქმნება ნაღვლის ბუშტში) ან ყავისფერია (წარმოიქმნება ნაღვლის სადინარებში).
კენჭები შეიძლება ნაღვლის ბუშტში დარჩეს ან გადაინაცვლოს სანაღვლე სადინარებში. კენჭებმა შეიძლება დაახშოს ბუშტის სადინარი, ნაღვლის საერთო სადინარი ან ფატერის დვრილის ამპულა (სადაც ნაღვლის საერთო სადინარი და პანკრეასის სადინარი ერთიანდება). სანაღვლე გზებში არსებული ქოლესტერინის კენჭების უმრავლესობა ნაღვლის ბუშტიდან მოდის. სანაღვლე სადინარების ნებისმიერმა შევიწროებამ (სტრიქტურა) შეიძლება ნაღვლის დინების შენელება ან შეწყვეტა გამოიწვიოს. ნაღვლის დინების შენელება-შეწყვეტა შეიძლება ბაქტერიული ინფექციის მიზეზი გახდეს. თავის მხრივ, სანაღვლე სადინარის შევიწროებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, ანთება და საბოლოოდ, ყავისფერი პიგმენტური კენჭების გაჩენა სანაღვლე გზებში.
ზოგჯერ ხდება ქოლესტეროლის, კალციუმის შენაერთების, ბილირუბინისა და სხვა მიკროსკოპული ნაწილაკების დაგროვება, რაც კენჭის სახით არ ყალიბდება. ასეთ ნივთიერებას ნაღვლოვანი ნალექი ეწოდება. ასეთი ნალექი მაშინ ვითარდება, როდესაც ნაღველი ნაღვლის ბუშტში დიდხანს ყოვნდება, მაგალითად, ორსულობის დროს. ნაღვლის ბუშტის ნალექი, ჩვეულებრივ, ქრება, როდესაც ქრება მისი დაგროვების მიზეზი, მაგალითად, ორსულობის დასრულებისას. თუმცა, ნალექი შეიძლება ნაღვლის კენჭად გადაიქცეს ან გადაინაცვლოს ბილიარულ ტრაქტში და ჩაკეტოს ნაღვლის სადინარი.
სიმპტომები
ნაღვლის კენჭების მქონე ადამიანების დაახლოებით 80%-ს წლების განმავლობაში არ აქვს სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნაღვლის კენჭები ნაღვლის ბუშტში დარჩება.
ნაღვლის კენჭებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი. ტკივილი მაშინ ვითარდება, როდესაც კენჭები ნაღვლის ბუშტიდან გადადის ბუშტის სადინარში, ნაღვლის საერთო სადინარში ან ფატერის დვრილის ამპულაში და ახშობს სადინარს. ამის შემდეგ ნაღვლის ბუშტი გაიბერება, რაც ტკივილს იწვევს (ბილიარული კოლიკა). ტკივილი შეიგრძნობა მუცლის ზედა ნაწილში, ჩვეულებრივ, მარჯვენა მხარეს ნეკნების დაბლა. ზოგჯერ რთულია ტკივილის ზუსტი ლოკალიზაციის მითითება, განსაკუთრებით, ასაკოვან და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ჩვეულებრივ ტკივილის ინტენსიურობა იმატებს 15 წუთიდან 1 საათის განმავლობაში და სტაბილურად გრძელდება 12 საათს. ტკივილი იმდენად მწვავეა, რომ ხალხი შვებისთვის მიმართავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას. ამის შემდეგ ტკივილი ქრება 30-90 წუთის განმავლობაში და რჩება მხოლოდ ყრუ ტკივილი. ადამიანებს ხშირად აქვთ გულისრევა და ღებინება.
ბილიარული კოლიკა შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით საკვების მიღებამ, მაგრამ არა უბრალოდ ცხიმიანი საკვების მიღებამ. ნაღვლის კენჭების არსებობა არ იწვევს ბოყინსა და მეტეორიზმს. გულისრევა ჩნდება მხოლოდ ბილიარული კოლიკის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ბილიარული კოლიკის ეპიზოდების უმეტესობა სპონტანურად ქრება, ტკივილი ყოველწლიურად ადამიანების 20-40%-ს უმეორდება და მათი მდგომარეობა შეიძლება გართულდეს. შეტევის ეპიზოდებს შორის ადამიანები თავს კარგად გრძნობენ.
თუ სადინარის დახშობა გრძელდება, ვითარდება ნაღვლის ბუშტის ანთება (ასეთ მდგომარეობას მწვავე ქოლეცისტიტი ეწოდება). ნაღვლის ბუშტის ანთების ფონზე ადვილად მრავლდება ბაქტერიები და შესაძლებელია ინფექცია განვითარდეს. ანთება, ჩვეულებრივ, ცხელებას იწვევს.
ნაღვლის საერთო სადინარის ან ფატერის დვრილის ამპულის დახშობა ბუშტის სადინარის დახშობაზე სერიოზულია. ნაღვლის სადინარების დახშობამ შეიძლება მათი გაფართოება გამოიწვიოს. ის აგრეთვე იწვევს ცხელებას, შემცივნებასა და სიყვითლეს (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა).
ამ სიმპტომების კომბინაცია მიუთითებს სერიოზული ინფექციის განვითარებაზე, რომელსაც მწვავე ქოლანგიტი ეწოდება. ბაქტერიები შეიძლება სისხლის მიმოქცევაში გავრცელდეს და სერიოზული ინფექცია გამოიწვიოს სხეულის სხვა ნაწილებში. ღვიძლში შეიძლება ჩირქის პარკები (აბსცესები) ჩამოყალიბდეს.
კენჭებს, რომლებიც ფატერის დვრილის ამპულას ახშობენ, შეუძლია პანკრეასის სადინარის დახშობაც, რაც პანკრეასის ანთებას (პანკრეატიტი) და ტკივილს გამოიწვევს. ნაღვლის კენჭებით გამოწვეული ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტის კედელი შეიძლება დაიშალოს, რაც მასში ხვრელის გაჩენას (პერფორაცია) განაპირობებს. პერფორაცია იწვევს ნაღვლის ბუშტის შიგთავსის გაჟონვას მუცლის ღრუში, რაც თავის მხრივ მძიმე ანთების (პერიტონიტი) მიზეზი ხდება. დიდი ზომის ნაღვლის კენჭმა, რომელიც წვრილ ნაწლავში ხვდება, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების დახშობა, რასაც ნაღველ-კენჭოვანი გაუვალობა ეწოდება. აღნიშნული გართულება იშვიათია და ძირითადად ასაკოვან ადამიანებში ვითარდება.
დიაგნოზი
ექიმს ეჭვი აქვს ნაღვლის კენჭების არსებობაზე, თუ პაციენტს აქვს დამახასიათებელი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ტკივილი გამოწვეულია შეშუპებული ნაღვლის ბუშტით). ზოგჯერ ნაღვლის კენჭებს სხვა მიზეზით ჩატარებული რადიოლოგიური გამოკვლევების, მაგალითად, ექოსკოპიის დროს აღმოაჩენენ.
ულტრასონოგრაფიის (ექოსკოპიის) ჩატარება აუცილებელია. ნაღვლის ბუშტში კენჭების დადგენისას მისი სიზუსტე 95%-ს აღწევს. ის შედარებით ნაკლებად ზუსტია სანაღვლე გზებში კენჭების აღმოსაჩენად, მაგრამ მისი მეშვეობით შესაძლებელია კენჭით დახშობის შედეგად გაფართოებული სადინარების დანახვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება, როგორიცაა სანაღვლე და პანკრეასის სადინარების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MღI), კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/ჩთ) და ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (EღჩP).
სისხლის ანალიზის შედეგები, ჩვეულებრივ, ნორმაშია, თუ ნაღვლის სადინარები არ არის დახშული კენჭებით. დახშობის შემთხვევაში ღვიძლის გამოკვლევის შედეგები ნორმიდან გადაიხრება და მიუთითებს ღვიძლში ნაღვლის შეგუბებაზე (ქოლესტაზი). სისხლის ანალიზებში ხშირია ბილირუბინისა და ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მატება.
მკურნალობა
ნაღვლის კენჭები, რომლებიც არ იწვევს სიმპტომებს (ჩუმი კენჭები), მკურნალობას არ საჭიროებს. თუ კენჭები ტკივილს იწვევს, საკვების შერჩევა (მაგალითად, დაბალცხიმიანი დიეტა) შედეგს არ იძლევა.
კენჭები ნაღვლის ბუშტში: თუკი კენჭები შემაწუხებელ, განმეორებით ტკივილის ეპიზოდებს იწვევს, ექიმმა პაციენტს შეიძლება ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მოცილება (ქოლეცისტექტომია) ურჩიოს. ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა თავიდან აგვაცილებს ბილიარული კოლიკის ეპიზოდებს და არ ახდენს ზეგავლენას საჭმლის მონელებაზე. ოპერაციის შემდეგ სპეციალური დიეტის დაცვა აუცილებელი არ არის. ქოლეცისტექტომიის დროს ექიმმა შეიძლება სანაღვლე სადინარებიც შეამოწმოს მათში კენჭების არსებობაზე.
ქოლეცისტექტომიების დაახლოებით 90% სრულდება ლაპაროსკოპის (დრეკადი, დასათვალიერებელი მილის) გამოყენებით. მუცელზე მცირე ზომის განაკვეთების გაკეთების შემდეგ მუცლის ღრუში შეჰყავთ ლაპაროსკოპი. შემდეგ განაკვეთის გავლით შეჰყავთ ქირურგიული ინსტრუმენტები და მათი გამოყენებით ამოკვეთენ ნაღვლის ბუშტს. ლაპაროსკოპიულმა ქოლეცისტექტომიამ შეამცირა ოპერაციის შემდგომი დისკომფორტი და საწოლდღეების რაოდენობა, უზრუნველყო უკეთესი კოსმეტიკური შედეგები და შეამცირა რეაბილიტაციისთვის საჭირო დრო.
დანარჩენ შემთხვევებში ქოლეცისტექტომიას ღია ოპერაციული წესით ატარებენ, რისთვისაც მუცელზე დიდი ზომის განაკვეთი კეთდება.
მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია კენჭების დაშლა წამლებით, როგორიცაა ნაღვლის მჟავები (ურსოდეოქსიქოლის მჟავა). ასეთ წამალს ყოველდღიური მიღებისას შეუძლია მცირე ზომის კენჭების დაშლა 6 თვეში. დიდ კენჭებს შესაძლოა 1-2 წელიწადი დასჭირდეს. ბევრი კენჭი საერთოდ არ იშლება. კენჭების დაშლა წამლებით მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ისინი ქოლესტეროლისაგან შედგება და ნაღვლის ბუშტის შესავალი დახშული არ არის. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კენჭები იშლება, ნამკურნალები ადამიანების ნახევარს ნაღვლის კენჭები განმეორებით უვითარდება 5 წლის განმავლობაში. მკურნალობის ამ მეთოდს ნაკლებად იყენებენ. ექიმები მას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა პაციენტისათვის ოპერაცია სარისკოა (მაგალითად, როცა პაციენტს სერიოზული თანმხლები სამედიცინო პრობლემები აქვს).
კენჭები სანაღვლე სადინარში: კენჭებს სანაღვლე გზებიდან იღებენ ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის (EღჩP) ჩატარებისას. ამ დროს ენდოსკოპი (დრეკადი დასათვალიერებელი მილი) პირის, საყლაპავისა და კუჭის გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში თავსდება. ამის შემდეგ, თხელი მილი ენდოსკოპის გავლით ოდის სფინქტერში შეჰყავთ. კათეტერის მეშვეობით სანაღვლე სადინარებში რენტგენის სხივების გაუმტარ საღებავს შეიყვანენ (რომელიც ჩანს რენტგენოგრამაზე) და შემდეგ იღებენ რენტგენის სურათს.
EღჩP-ს ჩატარებისას შესაძლებელია კენჭების უმეტესობის მოცილება. ამ დროს ენდოსკოპში გატარებული ინსტრუმენტით ჭრიან ოდის სფინქტერს, სადაც ფატერის დვრილის ამპულა (ქვედა სანაღვლე სადინარი) უერთდება წვრილ ნაწლავს. ამ პროცედურას ენდოსკოპიური სფინქტერექტომია ეწოდება. თუ გაჭრის შემდეგ კენჭები წვრილ ნაწლავში თავისით არ გადმოცვივდება, შეჰყავთ კათეტერი მის წვერზე არსებული მცირე ზომის კალათით. მისი დახმარებით შეიძლება კენჭის დაჭერა და სადინარიდან გამოტანა. ნაღვლის სადინარის გაკვეთის შემდეგ რჩება საკმარისად ფართო შესასვლელი იმისთვის, რომ კენჭების განმეორებით გაჩენის შემთხვევაში, კენჭი უფრო მარტივად გადავიდეს წვრილ ნაწლავში. ამ მეთოდით შეუძლებელია ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების გამოღება.
EღჩP ენდოსკოპიური სფინქტერექტომიით ეფექტურია შემთხვევათა 90%-ში. ის ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მუცლის ღია ოპერაცია. ამ პროცედურის დროს იღუპება ადამიანების 1%-ზე ნაკლები და მხოლოდ 1-2%-ს აქვს გართულებები. ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება სისხლდენა, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) და სანაღვლე სადინარების პერფორაცია ან ინფექცია. მოგვიანებით, ზოგიერთს (2-6%) უვიწროვდებათ ანთებადი სადინარები (ვითარდება სტრიქტურა). შევიწროება იწვევს სადინარებში კენჭების გაჩენას, რაც შემდგომში სადინარების დახშობის მიზეზი ხდება.
ადამიანების უმეტესობას, რომელთაც ჩაუტარდათ EღჩP და ენდოსკოპიური სფინქტერექტომია, მოგვიანებით უტარდებათ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია, ჩვეულებრივ, ლაპაროსკოპიული მეთოდით. თუ ნაღვლის ბუშტს დატოვებენ, რჩება ნაღვლის ბუშტის მწვავე პრობლემების განვითარების ან კენჭების სადინარებში გადასვლისა და განმეორებითი დახშობების მომატებული რისკი.
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარის დაავადებები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები