ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით. დაცული ტერიტორიები ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს.
ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურებისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.
ტერიტორიები მნიშვნელოვანი საარსებო გარემოა გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4-მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს ნახვა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე დაკვირვების, ე.წ. birdwatching-ის მოყვარულებში. შესაძლებელია ჭოგრიტების ქირაობაც. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები